1/22/09

ზვიად გამსახურდია: "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ" (I ნაწილი)

ლექციიდან "სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია"ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი. გონების მოღვაწეობას ემყარება მეცნიერული შემეცნება გარემო სამყაროსი, ფილოსოფიური შემეცნება, ხოლო რელიგია ემყარება გამოცხადებას. გამოცხადება არის ადამიანის სულის უნარი, რომელიც გონებაზე მაღლა დგას. იგი უცხადებს ადამიანს ისეთ სამყაროს, რომელსაც გონება ვერ სწვდება. გონება სწვდება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს დროისა და სივრცის ფარგლებში მოცემულს, ამ სამგანზომილებიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გონება იაზრებს და ქმნის კატეგორიებს ამ სამყაროს შესამეცნებლად და მხოლოდ თავისი კრიტერიუმებით უდგება მას, ხოლო გამოცხადებით მიღებული ცოდნა გონების მიერ ყოველთვის ვერ შეიმეცნება და ვერ გაანალიზდება, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალი უნარია ადამიანში და ის უცხადებს უფრო მაღალ სამყაროს, ვიდრე გონებით შიძლება შემეცნება. კერძოდ, იგი გვიცხადებს ღვთის სამყაროს, თვითონ ღმერთს და რაც ღმერთთან არის დაკავშირებული, ე.ი. ღმერთი ადამიანს გონებით ვერ ეძლება, რადგან ის გონება, რომელიც მას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ხილული სამყაროს შემეცნებისათვის არის მომზადებული. ადამიანის გონებრივი უნარი ვერ სწვდება უფრო მეტს-მრავალგანზომილებიან აბსოლუტურ სამყაროს. დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, კანტმა დაამტკიცა, რომ გონებით შეიმეცნება მხოლოდ ის სამყარო, რომელიც მოცემულია ჩვენთვის, როგორც ხილული სინამდვილე, ხოლო ღვთის სამყაროს, კანტისავე გამოთქმით, გონება ვერ სწვდება და ვერც ასაბუთებს. მხოლოდ გონებისმიერი მტკიცებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა ე.ი. გონება ერთმანეთის გამომრიცხავ მონაცემებს იძლევა ღმერთის შესახებ. იგი თანაბრად ამტკიცებს და უარყოფს კიდეც ღვთის არსებობას. ხოლო რაც შეეხება გამოცხადებას, გამოცხადებით ხდება მიღება ცოდნისა, ან ინფორმაციისა ღვთის შესახებ, ღვთაებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა დგას. აი, ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა მდგომი არსება, რომელსაც ფილოსოფია უწოდებს აბსოლუტს, ხოლო რელიგია-ღმერთს, ვერაფრით ვერ გაიაზრება ჩვენს მიერ, ჩვენი ინტელექტის მიერ, გონების მიერ. ამის გამო რელიგიის წყარო და დასაყრდენი არის გამოცხადება, ე.ი. ადამიანის სულიერი სამყარო და ღმერთი. ღმერთი თავის გამოცხადებას აძლევს ადამიანს არა გონებაში, არამედ მის ნათელმხილველურ უნარში, ე.ი. ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა.
გამოცხადებაზე დაყრდნობილია მისტიკა, თეოსოფია, ხოლო თეოლოგია დაყრდნობილია გონებისმიერ უნარზე. თეოლოგია არის ისეთი მეცნიერება, რომელიც აზროვნებით ცდილობს ღვთის არსებობის დასაბუთებას. თეოლოგია ორგვარია-რაციონალური, ე.ი. დოგმატური და ირაციონალური თეოლოგია, ანუ მისტიკური თეოლოგია. დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონებისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს. ეს ორი მიმდინარეობა ყოველთვის იყო წყარო ჭეშმარიტი რელიგიისა, თეოლოგიისა. ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიაში გონების მომენტი არ არის გამორიცხული, ე.ი. რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი, ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე ამისა, რასაც იძლევა გამოცხადება.
ყოველი დიდი რელიგიის ფუძემდებლები რელიგიურ ჭეშმარიტებებს ჭვრეტდნენ გამოცხადებით, ისინი გონებისმიერი მსჯელობებით (ტვინის ჭყლეტით) კი არ მიდიოდნენ ღვთის არსებობის უდავობამდე, არამედ გამოცხადებით, ნათელხილვით ჭვრეტდნენ ღმერთს.
* * *
... მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება).
ახლა ვნახოთ, თუ როგორ არის ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მოცემული სამების არსი. მაქსიმე აღმსაარებელი არის ის ღვთისმეტყველი, რომელმაც ჩამოაყალიბა მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ანუ სარწმუნოებრივი კრედო, ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები და მოგვცა, როგორც თეოლოგიური სისტემა. მას აქვს სამების ასეთი განსაზღვრება: "მწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი, ერთი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისაგან შობილი და ერთი სულიწმინდა, მამისაგან გამომავალი". მამა უშობელი ნიშნავს, რომ მამა არის ისეთი საწყისი, რომელსაც თავად საწყისი არა აქვს. ძე არის ისეთი საწყისი, რომელსაც საწყისად მამა აქვს, მაგრამ ეს გარეგნულად, ფიგურალურად, არსით კი არა, არამედ ჩვენი ჩემეცნებისათვის გასაგებად. ღმერთი შემოქმედებაში არის ძე, მამის მიერ დაბადებული ჩვენთვის, ამ გაგების ის არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილი ჰქვია არარაობისაგან შექმნილს. რადგან ძე მუდამ არსებობდა, ღმერთი მუდამ არსებობდა, ამიტომ ის არის მამისაგან შობილი. "...სამგვამოვნება გაყოფილი რიცხვით, გვამოვნების თვითებით და განუყოფელი ღვთაებით..."-თეოლოგიური ტერმინოლოგია ზოგჯერ ისეთია, რომ გარეგნულად ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკა ამქვეყნიურ, მიწიერ სამყაროზე გვესაუბრება, ხოლო თეოლოგია გვესაუბრება ღვთაებრივ სამყაროზე, რომელზედაც საუბარი რთულია ჩვენი ლოგიკური კატეგორიებით. ამიტომ, ლოგიკა ირღვევა და ერთმანეთის გამომრიცხავი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებით ხდება ამის გადმოცემა. "... სამება, ღვთის სამპიროვნება, განიყოფებიან განუყოფლად და შეიერთებიან შეურევნელად. ამადაც ვიტყვით ღვთაების ერთარსებას, ერთბუნებას და სამგვამოვნებას, რამეთუ სამთავეს საერთო აქვს ღვთაება და საღმრთო ბუნება. თითოეულის თვითება შეუცვალებელია, მამისა მამობა უშობელი, ძისა ძეობა შობილი და სულიწმინდისა გამოსვლა. ვინაიდან არც მამა შეიცვალება ძედ, ანუ სულად, არც ძე-მამად, ანუ სულად, არც სულიწმინდა მამად, ანუ ძედ. ღმრთად ვაღიარებ თვითეულს". მართალია, ძე შობილია მამისაგან, მაგრამ ძე ნაკლები კი არ არის მამაზე, ერთი და იგივეა, ღვთაება ერთი და იგივეა, დონე ერთი და იგივეა. ე.ი. თქმა იმისა, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა, არ შეიძლება. იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა და დაქვემდებარებულია მამაზე, სულიწმინდა კი-უმნიშვნელო ღმერთი. ამაზე იყო დავა და მთელი რიგი სექტები გამოეყვო მართლმადიდებლობას. ერთ-ერთი ასეთი სექტა იყო რუსების სექტა "დუხობორები"-სულიწმინდასთან მებრძოლები. მათი აზრით, სულიწმინდა არ იყო ღმერთი. ამის შესახებ ბასილი დიდმა დაწერა სპეციალური ტრაქტატი, სადაც ამტკიცებს, რომ სულიწმინდა ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა და ძე. სულიწმინდის ღვთაების უარმყოფელებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სამი თანაბარი, ერთმანეთისაგან არაფრით გამორჩეული, თან გარჩეული. ადამიანური ლოგიკა ამას ვერ აცნობიერებდა, სექტები ხშირად იმიტომ წარმოიშვნენ, რომ ლოგიკით ვერ აცნობირებდნენ გამოცხადების ჭეშმარიტებებს, რომელიც უფრო მაღლა დგას ლოგიკაზე, გონებაზე. უნდოდათ ყველაფრის რაციონალიზირება, გონებით გადმოცემა. ამის გააზრებას რომ ვერ ახერხებდნენ, მაშინ ქმნიდნენ თავიანთ რელიგიურ სისტემებს და უპირისპირდებოდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და გამოცხადებას.
ე.ი. სრული ღმერთია მამა, სრული ღმერთია ძე და სრული ღმერთია სულიწმინდა. "არამედ არა სამი ღმერთი, რამეთუ ერთია ღმერთი და ერთია ღვთაება სამი თანაარსი გვამით", არსით ერთი, მაგრამ გვამებით, ან გვარებით სხვა და სხვა. ამაზე ამბობს რუსთაველი პროლოგში: "ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა". აქ ლაპარაკია ზენა გვარებზე. ყველაზე ზენა გვარი არის სწორედ ეს სამი გვარი, რუსულად "ვიდ", ლათინურად" გენუს". "... ესენი არც ბუნებით განიყოფებიან, არც ადგილით, რამეთუ სადაც არის მამა, იქვეა ძეც და სულიწმინდაც, სადაც არის ძე, იქვეა მამაც და სულიწმინდაც და სადაც არის სულიწმინდა, იქვეა მამაც და ძეც..." ეს არის მთავარი. "...თაყვანს ვცემ სამებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით. ერთარსებას სამგვამოვანს, სამებას ერთარსებას, თანადაუსაბამოს, თანასწორს ძლიერებით და პატივით..."-აქ თანადაუსაბამო ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის დაუსაბამო, შეუქმნელი, უსაწყისო. ე.ი. არ შეიძლება ითქვას, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, ან იყო დრო, როდესაც სულიწმინდა არ იყო. ძე ყოველთვის იყო, მამა თავისთავად, სულიწმინდაც ყოველთვის იყო. ამას ნიშნავს თითოეულის დაუსაბამობა იმიტომ, რომ თანაარსნი არიან-"... გაღიარებ ერთღვთაებას წმინდისა სამებისა, ერთარსებას, ერთბუნებას, ერთძალას, ერთხელმწიფებას, ერთუფლებიანობას, ერთმეუფებას, დაუსრულებელს დაუსაბამოისას, დაუბადებელს, გარეშემოუწერელს, მიუგონებელს...". გარეშემოუწერელი ნიშნავს უსაზღვროს, საზღვარდაუდებელს. მოუგონებელი ნიშნავს გონებით მიუწვდომელს. შემდეგ მაქსიმე აღმსაარებელი ამბობს-"...ცისა და ქვეყნისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არაარსისაგან არსად მიმყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმაც დაბადა თავდაპირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი აურაცხელნი. სიტყვითა დაბადა და სულითა წმინდითა სრულ ჰქმნა..."-ყველა სხვა რელიგიაში, გარდა ქრისტიანობისა, ღმერთი, აბსოლუტი კი არ ბადებს, კი არ ქმნის არარაობისაგან, არამედ უკვე არსებულს აძლევს სახეს. ასეთი არის პლატონის ღმერთი, ნეოპლატონიკოსების ღმერთი, ყელა ნებისმიერი რელიგიის ღმერთი. ძველ ბერძნულ რელიგიებში უკვე არსებული ქაოსის მომწესრიგებელნი არიან ღმერთები: კრონოსი, ზევსი და სხვ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიასა და ქრისტიანობას, აქ უკვე არარაობიდან, არაარსიდან არსად ბადებს ღმერთი ყველაფერს და მათ შორის პირველად ბადებს ზეციურ მხედრობას, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და საერთოდ, ზეციურ იერარქიებს, შემდეგ-ხილულ სამყაროს.

No comments: