10/29/08

პატროლოგიის შესავალი

სიტყვა ”პატროლოგია” ბერძნული წარმოშობისაა (”პატირ”- მამა; ”ლოგოს” - სწავლება, მოძღვრება). პატროლოგია წარმოადგენს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დისციპლინას, რომელიც ეკლესიის წმინდა მამათა წერილობით მემკვიდრეობას შეისწავლის. პატროლოგიის დარგი გულისხმობს ტექსტების კრიტიკულ გამოცემას (ყველა ხელნაწერის საფუძველზე), მათი ავტორობის და წარმოშობის პირობების დადგენას, ავტორთა პიროვნულ დახასიათებას, მათი ღვთისმეტყველების ანალიზს და ამა თუ იმ ძეგლის ადგილის განსაზღვრას ტრადიციაში.

საეკლესიო მწერლების შესახებ ცხოვრებისა და თხზულებების შესახებ ცნობების შეგროვება დიდი ხნის წინ დაიწყო. პატროლოგიური მონაცემები უკვე გვხვდება ევსები კესარიელის ”ეკლესიის ისტორიაში” (Historia Ecclesiastica - მე-4 ს.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელის ”ბრწყინვალე კაცთა შესახებ” (De viris illustribus - მე-5ს.) და ფოტი პატრიარქის ”ბიბლიოთეკაში” (Myriobiblion - მე-9 ს.).

პატროლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება მე-16 საუკუნეში დასავლეთში აღმოცენებულ ინტერესს. წინა პლანზე დადგა წმინდა მამათა ხელნაწერებში დაცული შრომების გამოქვეყნება და მათი მოძღვრების შესწავლა. პირველი დიდი გამოცემა ეკუთვნის მავრისტებს - პარიზის მახლობლად მდებარე წმ. მავრის მონასტერში მოღვაწე ბენედიქტიანელთა ორდენის ბერებს. 1675 წელს იასში გამოქვეყნდა წმინდა მამათა შრომების კრებული, ძირითადად, ანტიკათოლიკური ხასიათისა. გამოცემა ეკუთვნის იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზს. 1782 წელს ვენეციაში გამოიცა «Добротолюбие» - ასკეტიკურ თხზულებათა კრებული, რომელიც ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა შეადგინა.

No comments: