11/1/08

სეპტუაგინტა


სეპტუაგინტა (იგივე ”სეპტიმა”) წარმოადგენს ძველი აღთქმის პირველ ძველბერძნულ თარგმანს, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე III-II ს.ს.-ში შესრულდა. აღნიშნული თარგმანით სარგებლობდნენ წმ. მოციქულები და მომდევნო პერიოდის წმ. მამები. სეპტუაგინტას წმ. წიგნების კრებული ალექსანდრიის კანონში შევიდა.

სეპტუაგინტას შესახებ ყველაზე ადრეული ცნობა მოიპოვება ”არისტიდეს ეპისტოლეში”, რომელშიც გადმოცემულია ამ თარგმანის შექმნის ისტორია. ეპისტოლეს ავტორის ცნობით, თარგმანი შეუკვეთა ელინიზირებული ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს ფილადელფოსმა (ჩვ. წ. აღ.-მდე 285-247 წ.წ.). ეგვიპტელ მეფეს სურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანით შეევსო. ამ მიზნით, მეფემ იერუსალიმიდან 72 მწიგნობარი მოიწვია და კუნძულ ფაროსზე მიუჩინა ადგილი. მწიგნობრებმა ბერძნული თარგმანი 72 დღეში შეასრულეს. თარგმანს ეწოდა ”70 განმმარტებლის თარგმანი”. ”არისტიდეს ეპისტოლე” მხოლოდ ”ხუთწიგნეულის” თრგმანზე მიანიშნებს, თუმცა, სირიული თარგმანის ბერძნულ წინასიტყვაობაში დაფიქსირებულია, რომ სეპტუაგინტა შეიცავდა ”წინასაწარმეტყველთა და ყველა დანარჩენ წიგნს”.

მეორე გადმოცემით, თითოეული მწიგნობარი ძველი აღთქმის ყველა წიგნზე ცალ-ცალკე მუშაობდა განმარტოებით კელიაში. მიუხედავად ამისა, სამოცდაათივე თარგმანი იდენტური აღმოჩნდა. ფილონ ალექსანდრიელის თქმით, ეს გარემოება თარგმანის ”ღვთივშთაგონებულობაზე” მოწმობს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს ნეტარი იერონიმე. ”სხვა საქმეა იყო წინასწარმეტყველი და სხვა - მთარგმნელი” (“რუფინუსის წინააღმდეგ” II,26). რაც შეეხება ლეგენდას კელიების შესახებ, იერონიმეს აზრით, ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია.

აღსანიშნავია, რომ არისტიდეს ვერსია ეკლესიას არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ.

მე-16 საუკუნეში არისტიდეს ეპისტოლე ფსევდოეპიგრაფიკულ ძეგლად ცნეს.

სეპტუაგინტას შექმნის მიზეზებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. როგორც ჩანს, ძველებრაულიდან ძველი აღთქმის წიგნების ძველბერძნულად თარგმნის შესრულება ალექსანდრიის ებრაული დიასპორის პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა. როგორც ცნობილია, დიასპორის ბევრ წარმომადგენელს მშობლიური ენა დაავიწყდა. ასეა თუ ისე, ბიბლიოლოგიაში სკეპტიციზმის პერიოდის შემდეგ არისტიდეს ეპისტოლესადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდა.

თავდაპირველად, სეპტუაგინტა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბერძნულენოვან იუდეველებში. ”მოსეს ცხოვრებაში” ფილონ ალექსანდრიელი საუბრობს ყოველწლიურ დღესასწაულზე, რომელიც კუნძულ ფაროსზე ეწყობოდა სამოცდაათი მწიგნობრის ღვაწლის აღსანიშნავად.

ჩვ. წ. აღ-ით 1 საუკუნეში იუდეველებმა სეპტუაგინტას ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, რადგან, მათი შეხედულებით, სეპტუაგინტას ბევრი ადგილი ძველებრაულ დედანს არ ეთანხმებოდა. ეს განსხვავებული ადგილები ქრისტიანულ სამყაროში მრავალი საუკუნის მანძილზე დავის საგანს წარმოადგენდა. ხშირად ისეთ მოსაზრებებსაც გამოთქვამდნენ, რომ ებრაელმა მწიგნობრებმა ტექსტი განგებ დაამახინჯეს, თუმცა, კუმრანის აღმოჩენების შემდეგ, გაირკვა, რომ სეპტუაგინტას შექმნის პერიოდში ებრაული ტექსტის სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა და 70 მწიგნობრის მიერ შესრულებული თარგმანი მხოლოდ ერთ-ერთ ტრადიციას წარმოადგენს.

საუკუნეთა მანძილზე სეპტუაგინტას ტექსტმა რამდენიმე ცვლილება განიცადა. თავდაპირველად, ეს ცვლილებები გამოვლინდა ორიგენეს მიერ შედგენილ ”ჰეგზაპლებში”. ორიგენემ სეპტუაგინტაში გამოტოვებული სიტყვები ძველებრაული ორიგინალის საფუძველზე შეავსო იყენებდა რა თეოდოტიონის თარგმანს. ორიგენემ ჩანამატები სპეციალური ნიშნებით გამოყო, თუმცა, მოგვიანო ნუსხებში ეს ნიშნები გამოტოვებულ იქნა და სეპტუაგინტას ტექსტი თეოდოტიონის თარგმანს შეერია.

მე-4 საუკუნის დასაწყისში სეპტუაგინტას ორიგენესეული ტექსტის სამი მთავარი რეცენზია გავრცელდა: 1) კესარიული, რომელიც ეკუთვნოდა პამფილი კესარიელს და ევსები კესარიელს; 2) ანტიოქიური ლუკიანეს ავტორობით და 3) ალექსანდრიული ევსუქის ავტორობით.

No comments: